logo
ENG



"კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრული მობილიზაცია, 19:00 საათზე პარლამენტთან" - გირჩი/დროა

30 აპრ 202417:30
3 წუთის საკითხავი
 
"კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრული მობილიზაცია, 19:00 საათზე პარლამენტთან" - გირჩი/დროა
ფორმულა/ლანა მრავლაძე

გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ამ ეტაპზე მოქალაქეების მობილიზაციის მნიშვნელობაზეა საუბარი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ერის დემოკრატიულ წინააღმდეგობას გუშინ ოლიგარქმა ივანიშვილმა რუსული გზავნილები დაუპირისპირა.

პარტიები აღნიშნავენ, რომ ოცნებას რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღება მომდევნო სამ დღეში აქვს განზრახული და მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

"28 აპრილს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ერთიანი, მრავალფეროვანი, თავისუფალი, მტკიცე ქართული საზოგადოება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური გზის უმთავრესი გარანტია.

ქართველი ერის უპრეცედენტო ერთობასა და დემოკრატიულ წინააღმდეგობას, გუშინ, შეშინებულმა რუსმა ოლიგარქმა დაუპირისპირა ღია და ცხადი რუსული გზავნილი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის, ევროპული მომავლის გაუქმების, სახელმწიფოს საბოლოოდ მიტაცების, ძალადობისა შურისძიების შესახებ. ივანიშვილის გუშინდელი განაცხადით საბოლოოდ დასრულდა მისი ორმაგი თამაში, რომლის ამოცანაც რუსული პოლიტიკის ევროპული დღის წესრიგით შენიღბვა იყო.

ამ რუსული განაცხადის ფონზე პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე წინააღმდეგობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. “ქართულ ოცნებას” განზრახული აქვს რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღება მომავალი სამი დღის განმავლობაში.

შესაბამისად, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრული მობილიზაცია, როგორც დღეს, ისე შემდეგი ორი დღის განმავლობაში, რათა რუსული კანონის კენჭისყრას დავუპირისპიროთ ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობა.

საქართველო ევროპული სახელმწიფოა და აღარასდროს იქნება რუსეთის უკანა ეზო. კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! შევხვდებით დღეს, 19:00-ზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა